
საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა 2 ოქტომბრის არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს.
ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, მარკონისა და ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია საუბარი.
"საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულბებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ის განსაკუთრებული ყურადღებით იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფების და ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგო იქნებოდა.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მჭიდრო კონტაქტზე დარჩება საქართველოს პრეზიდენტთან, რათა გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების სასარგებლოდ" - წერია დოკუმენტში.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი გააგრძელებს მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში, ასევე პრესის თავისუფლების, დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ.