ქართული ოცნების მხარდამჭერები მასიურად ტოვებენ ქართული ოცნების შტაბებს - ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების მხარდამჭერები მასიურად ტოვებენ ქართული ოცნების შტაბებს - აცხადებს ენმ-ს წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ცოტა ხნის გამართულ ბრიფინგზე.

ბოკუჩავა ამბობს, რომ ის ისტერია რაც "ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, ადასტურებს, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ხვალინდელ არჩევნებში მარცხის მოლოდინშია:

"ყოველ საათში ერთხელ გვაწვდიან ინფორმაციას ჩვენი რაიონული ორგანიზაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები მასიურად ტოვებენ ქართული ოცნების შტაბებს. ქართული ოცნება არის სრულიად დემორალიზებული ჩამოშლილი და ამაზე მეტყველებს მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, სალომე ზურაბიშვილიც კი ემიჯნება ღარიბაშვილ-კობახიძის ისტერიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს სხვა ტიპის პასუხები უნდა ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფო უწყებები ვეღარ ფუნქციონირებენ, რადგან ჩამოშალა ივანიშვილის რეჟიმმა" ამბობს დეპუტატი.

ბოკუჩავამ სახელისუფლებო მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასაც უპასუხა, რომლის მიხედვით, ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას აპირებს:

"უსუსური და ღიმილისმომგვრელი გზავნილი, რაც აქვს ქართული ოცნების პროპაგანდისტულ არხებს არის ის, რომ თურმე ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას აპირებს. მე გეტყვით რას აპირებს ნიკა მელია. ნიკა მელია გამარჯვებას აპირებს...ანზორ მელია გამარჯვებისთვის ემზადება ზუგდიდში და ოპოზიცია გამარჯვებისთვის ემზადება მთელს საქართველოში" - განაცხადა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

 შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შსს და ქართული ოცნება კატეგორიულად უარყოფს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლას და ამტკიცებს, რომ მას სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი