
საქართველოს პრეზიდენტმა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ჩამოსვლასა და ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ყველაზე მეტად ახლა სიმშვიდე სჭირდება.
ზურაბიშვილმა სახელმწიფო უწყებებს მითითებაც მისცა.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
"არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში... ეს იმ დროს როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე ,რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.
მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.
ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და მით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ უწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება.
მეორეს მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ.
ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით.
პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.
საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას ვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ - აცხადებს ზურაბიშვილი
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.