დეველოპერული კომპანიების სუბსიდირების გეგმა, რომელიც კორუფციის რისკებს შეიცავს და სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკის სტიმულირების მიზნებს ვერ პასუხობს.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი, ფავორიტი კომპანიების წახალისებაა, რომ ფასები უძრავ ქონებაზე არ შემცირდეს - სუბრისიდირების პროექტი, ყველაზე ძვირადღირებულია მთავრობის ანტიკრიზიულ გეგმაში, თუმცა ის გათვლილი არ არის მოსახლეობის იმ ფენაზე, ვისაც კომპანიებისგან ძვირადღირებული უძრავი ქონების შესაძენად, შემოსავლები არ ყოფნის.
ეკონომისტები თვლიან, რომ მთავარი რისკი არის ის, რომ მოსახლეობის ყველაზე მეტად დაუცველი ფენა ყოველგვარი შემწეობისა და თანადგომის გარეშე რჩება. კორუფციული რისკების გამო, ეკონომისტები თვლიან, რომ მიღწეული შედეგები ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი.
ყველაზე ღარიბ ფენას, რომელსაც ქულა აქვს 65 ათასამდე და ჰყავს ორი შვილი და კვების პრობლემა აქვთ, იმდენად უჭირთ, ამათ არ ეხმარება ხელისუფლება და გადაწყვიტა, დაეხმაროს შედარებით შეძლებულ ფენას, დაუფინანსოს მომავალში ბინის ყიდვის პროცესი. ეს აბსოლუტურად გეუგებარი სოციალური პოლიტიკის ნაწილია. დღეს ქვეყანაში ჭამის პრობლემაა. შესაბამისად, ის თანხები და ეს რესურსები რაც იყო, პირდაპირ უნდა გადანაწილებულიყო ყველაზე ღარიბ და მოსახლეობის ფართო ჯგუფზე, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
ეკონომისტებისთვის გაუგებარია რატომ აიღო სახელმწიფომ თავის თავზე ვალდებულება და იკისრა ამოცანა რომ არ დაცემულიყო ფასები დრამატულად უძრავი ქონების ბაზარზე და ამისთვის გაიმეტა ბიუჯეტიდან 400 მილიონ ლარზე მეტი.
იპოთეკურ სესხს, საქართველოში, როგორც წესი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანი იღებს. ამ ნაბიჯით მთავრობა ეხმარება მოსახლეობის ყველაზე მდიდარ ფენას, რითის ყველაზე გაჭირვებულებს აკლებს დახმარებას, - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირებისთვის 70 მილიონ ლარს დახარჯავს, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მილიონი ლარია. პროგრამის პრეზენტაცია პრემიერმა გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართა.