ელგუჯა ცომაია უკანონო პატიმარია - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია და მიმართავს გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის.
ბასილაია ამბობს, რომ ცომაიას მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ბრალი - დამნაშავის დაფარვა:
"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს მუხლს დამნაშვის დაფარვის. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განაჩენები არსებობს, იცის ცომაიამ კი არა, მთელმა სამყარომ. მიხეილ სააკაშვილი ეგრე ზელენსკისაც ხვდებოდა, უამრავ დელეგაციაში იყო და მაშინ ყველა ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელი ჩამოართვა, მის მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენების შემდეგ, არის დასაჭერი, რაც აბსურდია" - ამბობს ბასილაია.
მისი თქმით, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალის წარდგენა მაშინ, როდესაც სამივე სასამართლო ინსტანციას გამოტანილი აქვს განაჩენები და საქმე სტრასბურგის სასამართლოშია, აბსურდია.
ელგუჯა ცომაია არის მშრომელი ადამიანი, რომელსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვის - ამბობს ბასილაია.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მესამე პრეზიდენტი საპყრობილეს "ნიკა მელიასა და უკრაინელი მეზღვაურების მსგავსად, მალე დატოვებს.
ელგუჯა ცომაიას პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენა