მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. 

უფლებადამცველებს დღეს მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება პირველად მიეცათ.

გასულ დღეებში მასთან შესვლის ყველა მცდელობა უშედეგო იყო. უწყება უარს არასამუშაო დღეებით ხსნიდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ შეფერხება ხელოვნური იყო და მისი ავტორი "ქართული ოცნებაა", რომლის ინტერესებშიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან უფლებადამცველების ვიზიტი არ შედიოდა.

ადვოკატები დღეს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას მოისმენენ, შემდეგ კი დაცვის სტრატეგიაზე შეთანხმდებიან.

„სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა ამ დრომდე მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშილი. ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, სადაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უნდა ეთქვათ უარი პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე. ის დაკავებული იქნა სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა", - თქვა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.

უფლებადამცველებს აქვთ მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი