
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველები დღესაც მოინახულებენ. ადვოკატებს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა მეორედ მიეცემათ.
მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, მალე საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით ახალი ბრალდება წარუდგინონ, რასაც უფლებადამცველები აბსურდს უწოდებენ.
"ვისაუბრებთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. სასაცილოა ეს ამბავი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს წარუდგინო ბრალი იმაზე, თუ რატომ შემოვიდა საქართველოში. ამ მიმართულებით პროკურატურას ჯერჯერობით არ გადაუდგამს ნაბიჯები, თუ გადაწყვეტენ, ბუნებრივია ჩვენ ამ პროცედურას დავესწრებით, მაგრამ შინაარსობრივად ამ თემის შეფასებაში ვერც შევალთ იმდენად აბსურდულია ეს ბრალდება", - თქვა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.