
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსიც გამოეხმაურა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დევნისგან.
"მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ძალიან საჭირო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია", - წერს twitter-ზე ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იყო. მოგვიანებით მან ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. "ქართული ოცნება" ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, მანამდე გაჟღერებული უარყოფა კი "ოპერატიული ტაქტიკით" ახსნა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.