ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

გამოქვეყნდა:

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი დააკავეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს.

პროკურატურა ცომაიას დანაშაულის დაფარვას ედავება, თუმცა ბრალის დამძიმების შემთხვევაში მას უკვე მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე შემოყვანა და მისთვის სათანადო პირობების შექმნაც დაემატება. გამოძიების ვერსიით, ელგუჯა ცომაია მიხეილ სააკაშვილს ხელს აფარებდა და ეხმარებოდა.

ცომაიას უფლებადამცველის განმარტებით, ბრალის დამძიმებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქმე პოლიტიკურია.

"ეს არის უაღრესად ღირსეული ადამიანი და მისთვის წარდგენილ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსში არ იძებნება, ასეთ ქმედება არ არსებობს. ეს არის უკანონო ბრალდება. ის არის უკანონო ბრალდების მსხვერპლი და კიდევ თუ დაემატება ახალი უკანონო ბრალდებები, ეს ამ აღქმას და რწმენას, რომ ამ ადამიანს დევნიან ისე, როგორ დევნიდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, ვინც პრეზიდენტს იფარებდა დევნილობაში, კიდევ უფრო გაამყარებს. სასამართლო აქვთ ლაჯებში ამოდებული და ვიდრე აქ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება, მანამ ნებისმიერი აქტი, რომელიც იქნება მიღებული, ეს იქნება პოლიტიკური გადაწვეტილება", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას პროცესი გუშინ გაიმართა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გარდა ამისა, პროკურატურამ გუშინ ბრალდება წარუდგინა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულ ორ პირს - შალვა და ზურაბ წოწორიებს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში თქვეს, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

შეგახსენებთ, მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი