საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადოკატები ხვდებიან.
უფლებადამცველები მესამე პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე პოზიციის შესათანხმებლად შევიდნენ. ისინი ახალი ბრალის წარდგენასაც ელოდებიან.
"ჩვენ უნდა ვანხოთ მიშა დღეს და მე იმედი მაქვს, რომ აქ ჩვენი შეხვედრები ძალიან მოკლე დროის შემდეგ საჭირო აღარ იქნება და ყველაფერი წავა ისე, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის საჭირო. დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იქნება თავისუფალი არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში", - თქვა ბექა ბასილაიამ.
მიხიელ სააკაშვილი ციხეში მე-5 დღეა შიმშილობს. არსებული ინფორმაციით, დღეს მას პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანიც შეხვდება.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოქტომბერს მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იყო. მოგვიანებით მან ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. "ქართული ოცნება" ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, მანამდე გაჟღერებული უარყოფა კი "ოპერატიული ტაქტიკით" ახსნა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, მოგვიანებით კი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.