
"მთავარი ალბათ აქ არის ის, რომ აგვიკრძალონ ლაპარაკი და ჩვენ ამ ლაპარაკს არ შევწყვეტთ" - ასე პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თავდუმაძეს.
"ამ საჩივარის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ მის კვალიფიკაციაზე, და კითხვები არ დავსვათ მის დიპლომთან დაკავშირებით. მე თუ არ ვისაუბრებ ამ თემაზე, ამ თემაზე უკვე ისაუბრა სახალხო დამცველმა, ისაუბრა ოდირის მისამ, რომელიც აკვირდებოდა საქართველოში უზენაესის მოსამართლეების არჩევას.
მთავარი არის ის, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაციების მხიედვით, ბატონმა თადუმაძემ სკოლა დაამთავრა 1994 წელს, უნივერსიტეტში ჩაირიცხა 1993 წელს. მაშინ როდესაც ამ ინსტიტუტს შესაბამისი აკრედიტაცია კონკრეტულ ფაკულტეტთან დაკავშირებით, მიღებული ჰქონდა 1994 წელს, ანუ 1993 წელს ის ვერანიარად ვერ ისწავლიდა ამ ფაკულტეტზე და შესაბამისად მის დიპლომთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვებია. არ ვიცი, ეწყინა ეტყობა", - თქვა ეკა გიგაურმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე მისი დიპლომის თაობაზე ეკა გიგაურს ცილისწამებისთვის უჩივის.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ გვაქვს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს.