საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შეხვდნენ.

როგორც უფლებადამცველებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილს, როგორც მსჯავრდებულს, უფლებები ეზღუდება და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ მას საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ ჰქონდეს. 

მათივე ინფორმაციით, პროკურატურის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილს დარეკვის უფლება შეეზღუდა, რაც შეეხება საჯარო სხდომებს, სავარაუდოდ ისინი არჩევნების მეორე ტურამდე არ გაიმართება.

"შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლება უარზეა გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები, მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოსვლაზე. ჩვენ გუშინვე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესის ჩანიშვნა, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს. 

ასევე პიჯაკების საქმეზე მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. დღეს ციხემ მიიღო პროკურატურიდან მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოქტომბერს მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იყო. მოგვიანებით მან ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. "ქართული ოცნება" ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, მანამდე გაჟღერებული უარყოფა კი "ოპერატიული ტაქტიკით" ახსნა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, მოგვიანებით კი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი