
"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისს, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს.
"დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე.
ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს!
მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს.." - წერს გიორგი თაბაგარი.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს, პოლიციელის გინებისთვის თაბარგარის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით საქმე აღძრეს.
შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
რადიკალური ჯგუფები ასევე "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის დარბევაც. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია. სცემეს 50-ზე მეტი ჟურნალისტს. სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სასტიკად "TV პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს, დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა.