ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარაზეც. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პრემიერის განცხადება აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.
"ჩვენ ველით, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სიტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებითი ბრალდებებით, "თუ ის კარგად არ მოიქცევა. ეს მტკიცებულებაა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ვერ ლახავენ სამართლის პოლიტიზირების ცდუნებას, რაც არ არის თავსებადი კანონის უზენაესობის პრინციპებთან და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებთან. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან, მსგავს განცხადებას, დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა",-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრისა და მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან თავდასხმები ოპოზიციური პარტიებისა ლიდერებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევასთან " უბრალოდ ამაზრზენია".
"მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ნდობასა და პატივისცემაზე, ვერ ხედავენ მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების ასეთ ქცევებს. დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. ქართული ოცნება უფრო და უფრო ადასტურებს, რომ მათ არ შეუძლიათ ამ პირობის შესრულება",-ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, დაიწყონ ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა, დაბრუნდნენ პროევროპულ გზაზე და ფოკუსირება გააკეთონ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროგრესზე, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ის შედეგი, რასაც უკვე მიაღწია",- აცხადებენ ევროპარლამენტარები.