საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედაა, თუმცა შიმშილობის გამო, მისი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან უარესდება.
ბასილაია ამბობს, რომ რამდენიმე დღიანი მოთხოვნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს საკანში ტელევიზორი და ლეიბი შეუტანეს.
"მიშა არის მორალურად რა თქმა უნდა მხნედ და შემართული, თუმცა ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შიმშილობს უკვე მე-8 დღეა, და მისი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან ბუნებრივია იწყებს გაუარესებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ ქართული საზოგადოება გააქტიურდეს და საქართველოში დაიწყოს პროცესები, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამავდროულად იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც ის საქართველოში ჩამოვიდა", - თქვა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება სასამართლო სხდომების დანიშვნის საკითხს, ადვოკატმა თქვა, რომ ხელისუფლებას ციხეში მყოფი სააკაშვილსაც კი ეშინია და პროცესების გაჭიანურების მიზეზი სწორედ ესაა.
"ყველას კარგად გვესმის, რომ მიშას გამოჩენა საჯარო სივრცეში ამ ხელისუფლებისთვის არის დიდი შიშის მომგვრელი. ფაქტობრივად, ძრწის ღარიბაშვილი ამაზე და ეს მთავრობა, ივანიშვილი, ამათი მთავარი მამა და მარჩენალი. არ უნდათ, რომ მიშა წარსდგეს საზოგადოების წინაშე. უნდათ, რომ იყოს იზოლირებული. საქართველოში მყოფი სააკაშვილი მათთვის არის ძრწოლის მომგვრელი", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შეხვდნენ. მესამე პრეზიდენტი უკვე მე-8 დღეა, შიმშილობს.