
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ჩამონგრეულ კორპუსზე ბოლო წლების განმავლობაში რაიმე დაშენება ან მიშენება არ ყოფილა. მას არ აქვს ინფორმაცია გავრცელებულ ვერსიაზე, რომ კორპუსის ჩამოშლა პირველ სართულზე სალონის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
"რაიმე დაშენება და მიშენება ამ კორპუსზე არ განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში. მეზობლები ამბობენ, რომ იყო რაღაც აფეთქების ხმა, თუმცა სხვები ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პირდაპირ ნგრევის ხმა გაიგეს. არ ვიცი, ახლა გაზიც, შუქიც ყველაფრის მიწოდება შეწყვეტილია, რომ კიდევ რაიმე არ მოხდეს", - ამბობს ლელა სურმანიძემ.
მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს დაშავებულებთან დაკავშირებით.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი 2 წლამდე ბავშვი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
მაშველებთან კონტაქტზე გამოვიდა ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი. ისინი ამბობენ, რომ სუნთქვა შეუძლიათ.
ამავე თემაზე:
ფოტო: აჭარის ტელევიზია.