"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხვალ ზუგდიდში საპროტესტო აქციას გამართავს და მმართველი გუნდის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებს.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ენმ-ის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას, რომელმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, შედეგები გაუყალბეს და დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს.
"ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს, მის ფულს და პირწმინდად დაამარცხა "ქართული ოცნება". ამ ყველაფერის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ვიდრე აქამდე ჩაუდენია მას საარჩევნო პროცესში. როდესაც დარწმუნდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ჯამურად ოპოზიცია, გაცილებით უფრო მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში "ნაციონალური მოძრაობა" აკომპლექტებს უმრავლესობას საკრებულოში, ადგნენ და გუშინ ღამე, ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა თითქოს ხმები გადაითვალეს და მანუჩარ ფიფია, პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს.
უბანზე, სადაც მანუჩარ ფიფიამ გამარჯვება მოიპოვა მის ოლქში, ისე დაიწყო და დასრულდა არჩევნები, "ქართული ოცნების" დამკვირვებლებმა, რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი იქ, ერთი საჩივარიც არ დაწერეს. მათაც კი აღიარეს, რომ გამარჯვება იყო მანუჩარ ფიფიასი და "ნაციონალური მოძრაობის", ვერაფერს გახდნენ. მაგრამ ამის შემდეგ ხდება საოცრება - ოლქში, სადაც საჩივარიც კი არ დაუწერიათ, მათი სიით გასული ერთ-ერთი დეპუტატის მამამ, გაასაჩივრა ხელოვნურად მანუჩარ ფიფიას ოლქი და აქედან გამომდინარე, კაცი, რომელიც გუშინ ამ დროს იყო გამარჯვებული, დღეს გამოაცხადეს დამარცხებულად", - თქვა ნიკა მელიამ.
მან მხარდამჭერებს მიმართა და ხვალ, ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას. მე მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს ზუგდიდში და ზუგდიდელებს ვთხოვ, ხვალ შევიკრიბოთ. ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არა მხოლოდ ზუგდიდის რაიონს და სამეგრელოს, მთელ საქართველოს. დაე ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა შეხედოს, რა ხდება დღეს სამეგრელოში", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ და კომისიის თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.