
შემაშფოთებელია არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით - ადვოკატებმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელეს.
უფლებადამცველებმა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ისაუბრეს და მმართველ გუნდს მოუწოდეს, საქმის მაქსიმალურად გამჭირვალედ, ეფექტურად წარმართვა უზრუნველყოს.
"მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა, კერძოდ:
პოლიტიკურ მდგენელის არსებობაზე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების ორგანოთა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და პოლიტიკური შურისძიების მოტივით ადამიანის დასჯა.
აღნიშნულის მკაფიო დასტურია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ წარმოადგენს პოლიტიკური მოტივით ადამიანის დევნის მტკიცებულებას. მან განაცხადა, რომ "სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან უნდა წასულიყო პოლიტიკიდან. და რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ."
პროკურატურის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელია მართლმსაჯულების ლეგიტიმური ინტერესი იყოს.
აღნიშნული გარემოებები ცალსახად ჰყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით.
ადვოკატები მხარს ვუჭერთ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთასორისო სტანდარტების განუხრელ დაცვას, მიუხედავად ბრალდების შინაარსისა. მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და რომ მისი საქმის მიმართ პოლიტიკური ინტერესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმის სამართლებრივ მდგენელზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საქმის მაქსიმალურად გამჭირვალედ და ეფექტურად წარმართვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული რეალიზება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულიუფლებების კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო სტადარტებით დაცვა.,- ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-9 დღეა, შიმშილობს. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდება, რადგან მას ანემია აქვს.