ორ მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა ბოლო სამ თვეში - ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადება და თანხების მობილიზება ამას უკავშირდება.
„ქართული ოცნების“ წევრების განმარტებით, ბიზნესმენები თავისუფალი ბიზნესგარემოს გამო მადლიერები არიან და ამიტომ წირავენ მათ თანხას. მათივე თქმით, ეს შემოწირულობები ნებაყოფლობითია და ბიზნესი წინა პერიოდისგან განსხვავებით წნეხში არ იმყოფება.
შემოწირულობების მობილიზება ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, ისევე, როგორც სხვა პარტიები ვემზადებით არჩევნებისთვის. არჩევნებს სჭირდება ბუნებრივია, სახსრების მობილიზება და შემოწირულობები არის ამის ნიშანი. რაც შეეხება იმას, რატომ წირავენ ბიზნესმენები მაღალი მოტივაციით „ქართულ ოცნებას“, მიზეზი არიოს მარტივი, 2012 წლამდე ბიზნესი იყო წნეხის, რეკეტის ქვეშ, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბიზნესი არის თავისუფალი, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართულმა ოცნებამ" სამ თვეში ორ მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. მონაცემებს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.
90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავენ და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას ეხმარებოდნენ.