საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც ის მესამე პრეზიდენტს "მუხლების დამატებით" ემუქრებოდა, მედიამ "არასწორი ინტერპრეტაციით" გაავრცელა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მისი განცხადება "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს" "ნახევრად ირონიული" იყო და რეალურად იმას გულისხმობდა, რომ "თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, კანონის შესაბამისად, სხვა მუხლები დაემატება".
"მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას. არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდა გააკეთონ ჩემს განცხადებაზე. ერთი, რომ მე უბრალოდ ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი, მეორე - მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა [მუხლებს დავუმატებდი]. სააკაშვილის წერილში მე წავიკითხე დაუმორჩილებლობა და რაღაც გადატრიალების მსგავსი მოწოდება იყო და მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად ვუპასუხე რომ... ეს ნებისმიერმა დამწყებმა იურისტმა იცის, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის საპატიმროში, მას ბუნებრივია, კანონი ითვალისწინებს, რომ სხვა მუხლები და სასჯელი დაემატება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.