
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობას აგრძელებს. მას საპატიმროში ადვოკატები დღესაც მოინახულებენ.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. უფლებადამცვლები დარწმუნებულები არიან, რომ საქმის განხილვებს ხელისუფლება მიზანმიმართულად აფერხებს.
"მესამე პრეზიდენტი აგრძელებს შიმშილობას. ჩვენ მას ყოველ სამუშაო დღეს, როცა დაშვებულია ადვოკატთა ვიზიტი ბუნებრივია მოვინახულებთ. ასევე, სისტემატიურად სასამართლო ორგანოებს მოვთხოვთ იმ საქმეებზე პროცესების დანიშვნას, რომლებიც მიმდინარეა სასამართლოში. ჩვენ ეს გავაკეთეთ არაერთხელ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, მაგრამ, სასამართლო უარს ამბობს პროცესის ჩატარებაზე. სასამართლო სხდომას არ ნიშნავენ ძალიან ლოგიკური და ახსნადი მიზეზით, ეს არის ხელისუფლების მხრიდან შიშის გამოხატულება", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იხსენებს, რომ უკრაინაში დაპატიმრების შემდეგ მიხიელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მე-3 დღეს ჩაინიშნა.
ცნობისთივს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.