
სპეციალური პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის სამარტოო საკანში საკუთარი სურვილის საფუძველზე იმყოფება.
უწყებაში ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი სამარტოო საკანში დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოათავსეს.
"განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა.
რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც დღის განმავლობაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან განხორცილებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებითაც შუქდება", - წერია უწყების განცხადებაში.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, პენიტენციური წერს, რომ იგი გარეშე პირის სტატუსით მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა.
"ამიტომ მან პენიტენციურ სამსახურს ხელახალი ვიზიტის განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად განცხადებით უნდა მიმართოს და დაასაბუთოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. დადგენილი წესის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური განიხილავს მის განცხადებას და პასუხს აცნობებს", - წერს უწყება.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ცოტა ხნის წინ შეხვდნენ. ამავე თემაზე: