"ეს არის თვალთმაქცური ამნისტია" | ოპოზიცია ბიზნესისთვის გადასახადების ჩამოწერას წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს

გამოქვეყნდა:

ბიზნეს სუბიექტებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იჯარის გადასახადებისა და ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივას ოპოზიციაში წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მთავრობა ცდილობს, არჩევნების პირველ ტურში მარცხის შემდეგ, უკეთ მოემზადოს.

"ცხადია, ეს ემსახურება პირველ ტურებში მარცხს და მეორე ტურებში მზადებას. ცხადია, ეს ემსახურება მათი კარის ბიზნესმენებისთვის შეღავათების გაკეთებას და თვალთმაქცურ ამნისტიას, რომ თურმე, როგორი ჰუმანურები არიან", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ინიციატივას მოქალაქეების დაცინვად აფასებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ "წვეთია ოკეანეში".

"როგორი უტიფარი დაცინვაა ეს, ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს ამის გასაღება, როგორც დახმარების, იმიტომ რომ ეს არის წვეთი ოკეანეში", - თქვა გიგა ბოკერიამ.

"ოცნების" ინიციატივას ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხათუნა სამნიძე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მმართველ გუნდს პირბადეებზე ჯარიმის ჩამოწერით, მცდელობა ჰქონდა, რომ პირველ ტურში ამომრჩეველზე ზეგავლენა მოეხდინა და ახლაც იმავეს იმეორებს.

"როგორც ჩანს ახლა მეორე ტურების წინ საჭიროა ახალი იდეების, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და ფიქრობენ, რომ ეს იმოქმედებს ამომრჩეველზე", - თქვა ხათუნა სამნიძემ.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირით ან მართვის უფლებით სარგებლობდნენ, გადასახადს არ გადაიხდიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი