სასამართლოს კლანი საკონსტიტუციოში პოზიციებს იმყარებს - ზაზა თავაძეს ვასილ როინიშვილი შეცვლის

გამოქვეყნდა:

სასამართლოს კლანი პოზიციებს ამჯერად უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში იმყარებს. სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ ვასილ როინიშვილი სწორედ ამ ნიშნით შეირჩა. თავად როინიშვილი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა არ მალავს, რომ დიდი ხანია იცნობს მიხეილ ჩინჩალაძეს. სასამართლოში კლანის არსებობას კი გამორიცხავს. 

მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრია, დღეს სხდომას არ დასწრებია. როინიშვილთან გასაუბრებამ კი სამოქალაქო სექტორს ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩინა. მათ შორის იმ ფაქტორმა, რომ კითხვები ოცი მოსამართლიდან მხოლოდ ოთხმა დაუსვა. ეჭვი შეეპარათ მის კვალიფიკაციაშიც. ამ გარემოებების გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ როინიშვილის კანდიდატურა სწორედ სასამართლო კლანთან იყო შეთანხმებული. 

სხდომას 21 მოსამართლე დაესწრო, მათგან ორმა კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ნინო ბაქაქური ერთ-ერთია, რომელმაც სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, როინიშვილის გამოცდილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის საკმარისად არ ჩათვალა. 

ერთი თვის წინ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის შეფასებით, კიკილაშვილიც და როინიშვილიც ერთი კრიტერიუმით შეირჩნენ და ის სასამართლოს კლანს უკავშირდება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები დარწმუნებული არიან, რომ პოლიტიკურად გარდამტეხ წელს და მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, სასამართლო კლანი ცდილობს საფრთხე აიცილოს და ყველა პოზიციაზე მისთვის სასაურველი მოსამართლეები დანიშნოს.

ვასილ როინიშვილი საქმიანობას დაახლოებით ერთ თვეში შეუდება, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, სწორედ მას ჩაანაცვლეს როინიშვილი. გახდება თუ არა თავმჯდომარე, ამ ეტაპზე თავად ამას გამორიცხავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი