მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი არაა მისი ჯანმრთელობა ციხის ექიმებმა შეამოწმონ და მათთან კონტაქტზე უარს არ ამბობს. მიუხედავად ამისა, გელხაური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ციხეში მისი პირადი ექიმი შეუშვან.
"ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ამის უფლებას არ აძლევენ, სპეკულაციები ის უფროა როცა რაღაც ექიმების გუნდზე ვსაუბრობთ, როცა მისი პირად ექიმის არ ეძლევა საშუალება შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი. სპეკულაციები რომ თავიდან ავირიდოთ, პირიქით, არ ამბობს უარს [ციხის ექიმებთან კონტაქტზე] თანახმაა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან", - თქვა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, ამავე თემაზე განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს - გამოიყოს ექიმების შესაბამისი ჯგუფი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პერიოდულად დააკვირდება.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე 3 დღეა ციხეში შესვლას ელოდება.