
ბუტა რობაქიძის საქმეზე, სადაც ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, დღეს საქალაქო სასამართლოში პატრულ-ინსპექტორი შოთა ჯაფარიძე გამოიკითხა. მოწმის მტკიცებით, მას შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს და არც ჩხუბი არ ყოფილა.
ბრალდების მხარე იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიციელების დასაცავად მანქანაში იარაღი ჩადო.
"ოქრუაშვილის დავალების შესაბამისად მოხდა, რომ ამ შემთხვევებს მიეცა შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის სახე პოლიციელების მისამართით, ასევე მოხდა იარაღის ჩადება. რაც შეეხება უშუალოდ კავშირს ირაკლი ოქრუაშვილთან, ბუნებრივია, მმართველი რგოლის გათვალისწინებით, იმ პირების ნაწილი ვისაც უშუალოდ შეხება ჰქონდა მასთან დაიკითხა, ორია ასეთი მოწმე ვინც ხელი დაადო და თქვა რომ მისგან მიიღო დავალება", - თქვა პროკურორმა.
მიუხედავად ამისა, დღეს გამოკითხულმა მოწმემ ვერ დაასახელა გასცა თუ არა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრძანება, რის გამოც მას ბრალი აქვს წარდგენილი. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და რეალურად არცერთი მტკიცებულება პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურას არ გააჩნია.