თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე სამეგრელოდან თბილისში ათასობით ადამიანი მოემგზავრება. ავტოკოლონების ნაწილი დედაქალაქისკენ უკვე დაიძრა.
ზუგდიდის მოსახლეობა დილიდან, ოჯახებთან ერთად იკრიბება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავარ მოედანზე, ზუსტად 6 საათზე ერთად თქვან - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!".
სამეგრელოში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ დღეს ქვეყნის ბედი წყდება, რის გამოც თავისუფლების მოედანზე დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.
"მე არ მახსოვს ზუგდიდიდან, სამეგრელოდან ამდენი მსურველი ნებისმიერ აქციაზე. ეს ალბათ არ ყოფილა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ათასობით ზუგდიდელი სხვადასხვა რაიონებიდან მიდიან საკუთარი ხარჯებით, ოჯახებით შვილებთან ერთად და თითოეულ მათგანს ძალიან კარგად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის დღეს საქართველოს თავისუფლებაც, უკეთესი მომავალიც და ევროპულ არჩევანიც. ჩვენ დღეს კიდევ ვანახებთ მთელ მსოფლიოს რომ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და არ დავუშვებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოლიგარქს ჰყავდეს ტყვეობაში", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ.
თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. დედაქალაქისკენ ავტოკოლონის ნაწილი ცოტა ხნის წინ აჭარიდანაც დაიძრა.
ამავე თემაზე: