"მთავარი" ოკუპირებულ აფხაზეთში - მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების "სხადნიაკი" სასაფლაოზე

გამოქვეყნდა:

დიდი შეკრება კანონიერი ქურდის, შაქრო კაკაჩიას საფლავზე შედგა. 90-იანი წლების სტილში გამართულ გარჩევაში მონაწილოებას კრიმინალური ავტორიტეტების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნებიც იღებდნენ. ეს ზუგდიდში ყველამ იცის, თუმცა ღიად არავინ საუბრობს.

გასაყოფი ზუგდიდში მოქმედ კრიმინალებს და მათთან შეკრულ პოლიციას ბევრი აქვთ. სამეგრელოში "მთავარ არხს" უყვებიან, რომ ამ წრეებში ცოტა ხნის წინ ცვლილება მოხდა. ზუგდიდის მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილმა ბადრი ფიფიამ შეცვალა.

ფიფია ყოფილი ხელისუფლების დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ძებნილად იყო გამოცხადებული. 2012 წლის შემდეგ მასზე ძებნაც მოიხსნა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებაც შეწყდა.

ახალი გადანაწილება სამეგრელოში მისი ე.წ. მაყურებლად არჩევის შემდეგ დაიწყო. ინაწილებენ ბიზნესს, წილებს, ფულს, შემოსავალს კონტრაბანდიდან, რომელიც სამეგრელოში ოკუპირებული აფხაზეთიდან თავისუფლად შემოდის. 

ამ მაყურებელს თავისი კლანი მოჰყავს, თავისი დაჯგუფებები მოჰყავს, რომელიც ძველებთან აგვარებს ურთიერთობას. ძველები გვერდზე გაჰყავთ, ახლები მოჰყავთ, რა დროსაც წილების გადანაწილებები ხდება. ბიზნესების, კონტრაბანდის გადანაწილება. ნავთობის, სიგარეტის, ნარკოტიკის, რაც საუბედურო არის, ამაში ჩართულია პოლიციაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ღამის შეხვედრას სასფლაოზე კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული გია მირცხულავაც ესწრებოდა. "მთავარი არხი" მირცხულავას სახლში მივიდა. მისი ავტომანქანა ეზოში იდგა, სამეგობროც ადგილზე იყო, თუმცა თავად მირცხულავა კამერასთან არ გამოჩნდა. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, სწორედ გია მირცხულავა აკონტროლებს ზუგდიდში ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ბიზნესს.

კონტრაბანდა იყო ერთ-ერთი ძირითადი სასაუბრო სასაფლაოზე გამართულ შეხვედრაზეც. განსაკუთრებით ბოლო ფაქტის შემდეგ, როდესაც ზედა ეწერის პოლიციის უფროსის კუთვნილი ავტომანქანა კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული გააჩერეს. სავარაუდოდ, ლაშა კვარაცხელიას მანქანის გაჩერება და ამ ინფორმაციის გახმაურება იმის გამო მოხდა, რომ კრიმინალებსა და პოლციას შორის ჯერ ეს საკითხი მოგვარებული არ იყო. პოლიციის უფროსის მანქანას მისი ნათესავი მართავდა. მაშინ მან ამ კონკრეტულ ფაქტზე "მთავართან" თავისუფლად ისაუბრა. 

ზედა ეწერის პოლიციის უფროსის ნათესავმა სასაფლაოზე გამართულ გარჩევაზე საუბარი არ ისურვა და "მთავარის" კამერას დაემალა.

არაფერს ამბობენ ზედა ეწერის პოლიციის თანამშრომლები, რომელთა უშუალო უფროსის კუთვნილი ავტომანქანით, კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდათ. 

აფხაზურაქციზიანი სიგარეტი კი ზუგდიდის ბაზარში თავისუფლად იყიდება. 

კონტრაბანდის დიდი პარტიები ბლოკპოსტებიდან თავისუფლად შემოდის. მაშინაც კი, როდესაც საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი აქვს, ამ ბლოკპოსტებზე მდგარი ქართველი სამართალდამცველები კანონდარღვევაზე არ რეაგირებენ.

კონტრაბანდისტებს კარგად აქვთ ათვისებული ბილიკებიც. ერთ-ერთ ასეთს "მთავარმა" მიაგნო. გზა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოსთან მიდის. 

ყოფილი მთავრი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, რომელიც სამეგრელოში არსებულ ვითარებას უკვე წლებია სწავლობს, ამბობს რომ რეგიონში 90-იანი წლების განუკითხაობა დაბრუნდა.

საკითხები, რომელიც უნდა წყდებოდეს საჯარო დაწესებულებების კაბინეტებში, მაღალი თანამდებობების კაბინეტებსა და იმ ადამიანების კაბინეტებში, რომლებმაც რეგიონის პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ, წყდება უკვე სასაფლაოზე. პოლიციის უფროსები კონტრაბანდაში და ბანდიტიზმში არიან ჩართული და ბანდიტები განსაზღვრავენ საჯარო პოლიტიკას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს რეგიონში, - ამბობს ზოდელავა. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი რეგიონში, რომელსაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები აკონტროლებენ, ტენდერები და ბიზნესებია. სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბიზნესის წილები ვერ გაიყვეს სასაფლაოზე გამართული შეხვედრის დროს.

საქმე ზუგდიდის ავტოსადგურის თემას ეხება. ბიზნესს მფლობელი სწორედ კრიმინალებმა შეუცვალეს. შემდეგ კი ეს ცვლილება ხელისუფლებამ უპრობლემოდ დააკანონა. თუ ადრე წილებს ავტოსადგომზე თემურ ბულია და მისი მამა ფლობდნენ, ახლა ის ირაკლი როგავას ხელში გადავიდა, რომელიც  "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია.

თავად ოთარ ბულია დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ბიზნესი მას აღარ ეკუთვნის. 

ზუგდიდში ყველამ იცის, რომ ბიზნესების გადანაწილებასა და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში კრიმინალურ სამყაროს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ძმა მამუკა ქვარაია ეხმარება. სწორედ ის ალაგებს ურთიერთობას და კრიმინალურ გარჩევებსაც ხელისუფლების მხრიდან ის ესწრება. 

კონტრაბანდასთან, სიგარეტთან, ნარკოტიკებთან, ძირითადად მაგას აქვს შეხება. ის აგვარებს დეპუტატის მხრიდან და პოლიტიკოსების მხრიდან ის არის წარმოდგენილი. პოლიციიის მხრიდან კიდევ ვიღაც არის წარმოდგენილი, ქურდული სამყაროდან კიდე ვიღაც და ასე გვარდება ერთმანეთში სასაფლაოზე, - ამბობს "მთავართან" ინფორმირებული წყარო. 

რას საქმიანობს მაჟორიტარი დეპუტატის ძმა ამ თემაზე პარლამენტარს საუბარი არ უნდა. მერაბ ქვარაია ბრალდებებს უარყოფს, მისი ძმა კი კამერებთან არ ჩნდება. ის "მთავარის" გადამღებ ჯგუფს დაემალა.

ზუგდიდში ხალხი ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს იხსენებს, როდესაც "ქართული ოცნება" გამარჯვების მოსაპოვებლად კრიმინალებს იყენებს, არჩევნების შემდეგ კი მათთან ანგარიშვალდებულები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი