პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზომების მისაღებად ევროპის საბჭოს მიმართა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს მის გასათავისუფლებლად "ქართული ოცნების" მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.

ინფორმაციას პოლონელი პარლამენტარი მალგოჟატა გოშიევსკა Facebook-ის საკუთარ გვერდზე  ავრცელებს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში იმონ გილმორეს თხოვნით მივმართეთ, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება რათა მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ", - წერს მალგოჟატა გოშიევსკა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-15 დღეა, შიმშილობს. 

მის პატიმრობასთან დაკავშირებით გუშინ საერთო წერილი გაავრცელეს ევროპარლამენტარებმაც. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ამასთან, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ ის სამართლიანი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი