შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან გარკვეული ცვლილებები მას უკვე ვიზუალურადაც ემჩნევა.

"მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ამის უარყოფითი შედეგები უფრო და უფრო ნათელი ხდება. მათ შორის, გამოსაყოფია საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე და აქედან გამომდინარე, პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ყველაფერის მიუხედავად, მორალურად არის ძალიან მხნედ და მტკიცედ“, - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

უფლებადამცველები იმედს გამოთქვამენ, რომ მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, რომელსაც ციხეში 5 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ, დაბრკოლებები აღარ შეექმნება.

"მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა უკვე გასცდა 2 კვირას. შესაბამისად ყოველი დღე მისი ჯანმრთელობისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება. გუშინ ექიმმა მოინახულა, იმედია კვლაავ მიეცემა მისი მონახულების შესაძლებლობა და ჩვენ უკვე დავეყრდნობით ექიმების განცხადებებს. ვიზუალური თავალსაზრისით როდესაც მას ვხვდებით, ბუნებრივია, შიმშილობის ნეგატიური ეფექტები უკვე აღქმადია", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი