ექიმთა ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსები შედიან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს 15:00 საათზე მოინახულებს. მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მას წნევის ცვალებადობა აქვს და გადაადგილება უჭირს.
შიმშილობის ნეგატიურ ეფექტებზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც, თუმცა ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტის განწყობა უცვლელია.
"შიმშილობის ნეგატიური ეფექტები იყო თვალხილული, თუმცა მისი ეს განწყობა, შემართება, რომ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აძლევდა ძალას, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები გადაეფარა. უკვე გვაქვს მოცემულობა, რომ წნევის ცვალებადობაა", - თქვა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება სასამართლოს პროცესებს, ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლება საქმეზე სასამართლოს დანიშვნას ხელოვნურად აჭიანურებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტის ეშინიათ.
"არ გვცემენ პასუხს კითხვაზე, თუ როდის ჩაინიშნება "პიჯაკების საქმე", 7 ნოემბრის საქმეზე კი გვეუბნებიან, რომ არ ჩაატარებენ მიმდინარე თვეში. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე, ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტის", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ექიმების კონსილიუმის შეკრება დღეს იგეგმება.