კანონში "უარყოფითი დამოკიდებულების" შემოტანა საგანგაშოა - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

გამოქვეყნდა:

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს ეწინააღმდეგება. 

ორგანიზაციის შეფასებით, კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. "უარყოფითი დამოკიდებულების" შემოტანა საგანგაშოა.

"ოცნების" კანონპროექტი რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს მათ შორის: 

  • იკრძალება სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის და სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
  • წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მაუწყებელს, ისე წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთს. სააგიტაციო მასალის მოთხოვნის დარღვევით გავრცელება კი იწვევს გამავრცელებლისა და გავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულის - 2 000 ლარით. კომპეტენციის ფარგლებში ჯარიმის დაკისრებაზე პასუხისმგებელია ცესკო და კომუნიკაციების კომისია.

"წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის არსებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ხელისუფლების პოლიტიკას ან იყოს არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის", - წერს ორგანიზაცია.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი.

მათივე შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ის ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი