
ყოფილ პოლიციელს, ლექსო რაფავას, რომელიც გუშინ დააკავეს, ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. უცნობია, რას მოითხოვს აღკვეთის სახით პროკურატურა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
ოჯახიც და ადვოკატიც დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის მხარდამჭერებზე დაწყებული ზეწოლა და შურისძიებაა. მათივე თქმით, იარაღი სახლში, თავად სამართალდამცველებმა ჩადეს:
"მის მიმართ ეს უკანონობა რაც განხორციელდა, უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წელს ლექსო რაფავა დათხოვნილ იქნა უსამართლოდ შსს-ს ორგანოებიდან, შემდეგ ეს კაცი გახდა დევნის ობიექტი და გარკვეული პოლიტიკური კუთვნილება შემდეგ მიაკუთვნა მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", არის მისი მხარდამჭერი, ჩართულია მუნიციპალურ არჩევნებში სამეგრელოში, აქედან მისი პოლიტიკური აქტივობა მიუღებელი გახდა ხელისუფლებისთვის", - თქვა ადვოკატმა, დავით ახალაიამ.
ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს.
ამავე თემაზე:
ავტორი: ემა გოგოხია.