"კარი თვითონ გაუღო, არ შემომიმტვრიოთ, ბავშვი არ შემიშინოთო" - დაკავებული ყოფილი პოლიციელის მეუღლე სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს დაკავებული ყოფილი პოლიციელის, ლექსო რაფავას ოჯახის წევრები და თვითმხილველები იხსენებენ.

მათი თქმით, იმერეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები სპეც დანიშნულების რაზმთან ერთად რაფავას სახლში დილის 4 საათზე შეიჭრნენ და საძინებელ ოთახში იარაღი "ჩაუდეს".

ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლექსო რაფავას დაკავება მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

"შეგვყარეს მე და ჩემი შვილი, სპეცრაზმი მოდიოდა, ძალიან ბევრი იყვნენ. საძინებელში შეცვივდნენ და იქ რაც გააკეთეს, კი ხედავთ. ეს საქმე პოლიტიკურია, თორემ რაში სჭირდებოდა ლექსოს, ისედაც უფლება ჰქონდა, რომ ეტარებინა. არის მონადირე, ჰქონდა თოფი, მაგრამ გაფორმებული. ყველაფერი წაიღეს.

წინააღმდეგობა არ გაუწევია, კარი თვითონ გაუღო. უთხრა, კარი არ შემომიმტვრიოთ, ბავშვი არ შემიშინოთო. იარაღს რომ შემოიტანდნენ და დაგვიდებდნენ, ამას ნამდვილად არ ელოდებოდა“, - თქვა ლექსო რაფავას მეუღლემ, თეონა აბსავამ.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ლექსო რაფავა დარწმუნებულია, რომ სახლში იარაღი პოლიციამ ჩაუდო და მისი დაკავება მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობას უკავშირდება.

"რეალურად, სახელმწიფო არ არსებობს. იმდენად გაოგნებულია, მთელი ცხოვრება ყველამ ხომ იცის, რომ მართლა ვემსახურე კანონის აღსრულებას, დანაშაულთან ბრძოლას, ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო, საწოლში შემოუვარდებოდნენ და ავტომატს და ხელყუმბარას დაუდებდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ისე განახორციელეს დასწრების საშუალებაც არ მისცეს", - თქვა დაკავებულის ადვოკატმა.

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მისთვის ბრალდება ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი