ძალოვანების დემარში გრძელდება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ.
ჭაბუკა რაფავას გადადგომის მიზეზი ის უკანონო დავალებები გახდა, რომელსაც არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიციელებს აძლევენ. რაფავას პროტესტი ხობში მომხდარ ფაქტს მოჰყვა, რა დროსაც ლექსო რაფავას სახლში პოლიციელები შეიჭრნენ და იარაღი ჩაუდეს. რაფავას თქმით, ყოფილი კოლეგისთვის იარაღის ჩადება მიუღებელია. მისი განმარტებით, ფაქტის სამართლიანად გამოძიების იმედი არ აქვს.
კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა სამსახური იმის გამო, რაც ლექსო რაფავას გაუკეთეს. იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. ჭაბუკა რაფავა, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა თავის ქვეყანას. არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დატოვოს სისტემა. ეს არის ხელისუფლების სინდისზე და მოვუწოდებ მუშაკებს, რომ ნუ შეასრულებენ პოლიტიკოსების ბინძურ დაკვეთას, - ამბობს თენგიზ გუნავა.
ცნობისთვის, სამეგრელოსა და თბილისში ხელისუფლებამ გუშინ ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ სპეცოპერაციები ჩაატარა. გიორგი დათიაშვილის გარდა, ასევე დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.
შსს-ს ამტკიცებს, რომ სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები ამოიღეს, თუმცა აღნიშნულს ოჯახის წევრები უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ დათიაშვილს იარაღი არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ტარების უფლება აქვს.
ოჯახის წევრები მომხდარს 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გიორგი დათიაშვილის ყოფნას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ რეპრესიები, მეორე მხრივ კი დაშინების მცდელობაა.
ადვოკატის თქმით, ლექსო რაფავა წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და მან შიმშილობა დაიწყო.
ავტორი: ემა გოგოხია
ამავე თემაზე: