"ეს არის რეპრესიების სერია ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ" | გიორგი დათიაშვილს ბრალდებას დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

დასჯა პოლიტიკური მოტივით - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი, რომელიც გუშინ საკუთარ სახლში დააკავეს, ბრალის წარდგენის მოლოდინშია. 

როგორც მისი უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი ამბობს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველა იმ პირის დასჯა, ვინც ოპოზიციასთანაა დაკავშირებული და ჩატარებული სპეცოპერაციაც სწორედ ამას უკავშირდება.

"ეს არის რეპრესიების პირველი სერია, განხორციელებული ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, მაღალჩინოსნების მიმართ ოპერატიულ სამსახურებში. ისინი მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ წინა ხელისუფლების დროს, არიან აქტიური მხარდამჭერები ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის". ამოღებულია [ტყვიები] არ ჰქვია ამას, უფრო ჩადებულია. ტყვიები არ ჰქონდა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს, მაგრამ იარაღი არ აქვს და არ ატარებს. ვიდრე ეს ხელისუფლება იარსებებს, პოლიტიკურად დაცლილი და არალეგიტიმური, სხვა არაფერი რჩება, თუ არა რეპრესიები, რომ ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება", - თქვა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

შსს-ს ამტკიცებს, რომ სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები ამოიღეს, თუმცა აღნიშნულს ოჯახის წევრები უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ დათიაშვილს იარაღი არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ტარების უფლება აქვს.

ოჯახის წევრები მომხდარს 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გიორგი დათიაშვილის ყოფნას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ რეპრესიები, მეორე მხრივ კი დაშინების მცდელობაა.

დათიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის ბრალდების წარდგენა დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

ცნობისთვის, სამეგრელოსა და თბილისში ხელისუფლებამ გუშინ ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ სპეცოპერაციები ჩაატარა. გიორგი დათიაშვილის გარდა, ასევე დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი