კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ორსულებისა და ნაყოფისთვის უსაფრთხოა. ინფორმაციას Bloomberg კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის თანახმად, ვაქცინას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია კვლევაში ჩართულ ორსულებზე, რომლებიც საკვლევ პერიოდში დაორსულდნენ.
მუცლის მოშლის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე იყო, ვაქცინის მიმღებსა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, ასევე არ დაფიქსირებულა მკვდარშობადობა და ახალშობილთა სიკვდილი.
კვლევაში ჩართული იყვნენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ ამერიკიდან. საერთო ჯამში, კვლევა 107 ორსულში ჩატარდა, კვლევის პერიოდში 15 ჩვილი დაიბადა, მათგან 10 ვაქცინის, 5 კი პლაცებო ჯგუფში იყო.