საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მისმა უფლებადამცველებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტს ემუქრება და დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის დაუშვებელი მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსება.
"დამამშვიდებელი, დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება უკვე შეუძლებელია. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დღეს მივმართოთ საზოგადოებას და ასევე საქართველოს ხელისუფლებას.
პირველი - ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და კონსილიუმის მხრიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შედგა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, "არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის", რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. კერძოდ, ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოდგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას. იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI, ე.წ. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც პირდაპირ წერია კონსილიუმის დასკვნაში.
გარდა ამისა, ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი. შესაბამისად, ამ ციხის ე.წ. საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად. მრავალპროფილურ კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურებების საჭიროებებისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სპეციალისტი კარდიოლოგი არის ციხის ციხის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური განყოფილება სრულად აღჭურვილი იქ არ არის. ასევე, იქ არ არის მომსახურება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით და ასე შემდეგ.
შესაბამისად, კლინიკა, რომელშიც განთავსდება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილური, შერეული კლინიკა. ასეთს არ წარმოდგენს ციხის საავადმყოფო", - თქვა ნიკა გვარამიამ.
მან ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, იგეგმება იმიტირებული "ბუნტი", რისი მიზანიც მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციაა.
"ჩვენ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველები, ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად, აღვნიშნავთ, რომ ციხის ე.წ. საავადმყოფოში არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის. რასაც ჩვენ ვიღებთ განცხადებების სახით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა როგორც იუსტიციის სამინისტროსგან ვისმენთ, არის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება, სინამდვილეში, სრულიად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს.
ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს იქნება იმიტირებული ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით. ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და პირდაპირ ვაცხადებთ, მათ შორის უსაფრთხოების სერიოზული პრობლემების გამო, მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის სტაციონარში", - თქვა ნიკა გვარამიამ.
მან ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე გადაწყვეტილება უახლოეს საათებში მიიღოს. ასევე, თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს, შეისწავლონ ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც ექიმთა კონსილიუმის დასკვნაშია.
"ჩვენ მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში გადაწყდეს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო.
გადაწყდეს არა მხოლოდ პირადი ექიმის მონაწილეობით, არამედ ადვოკატების მონაწილეობით, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის უფლებადაცვითი საკითხიც და არ შეიძლება ექიმმა უფლებადაცვითი მოვალეობა შეასრულოს. საერთაშორისო სტანდარტებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში, როცა უფლებრივი კომპონენტი აქვს ამ გადაწყვეტილებას, აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს უფლებადაცვითი წარმომადგენლობა. ამას მოვითხოვთ კატეგორიულად.
ვთხოვთ სახალხო დამცველს, მოახდინოს დაუყოვნებლივ მონიტორინგი როგორც ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც გუშინ წარმოადგინა დასკვნით იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილმა კონსილიუმმა.
მივმართავ კატეგორიულად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომლის განცხადებები აქამდე ეწინააღმდეგებოდა იუსტიციის სამინისტროს განცხადებებს. ჩვენი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება ციხის ჰოსპიტალში და მისი გადაყვანა უნდა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც იქნება მრავალპროფილიანი და შესაბამისად აღჭურვილი. ჯანდაცვის მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება, განმარტოს საავადმყოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან და მოგვახსენოს, არის თუ არა C კატეგორიის კლინიკა ციხის საავადმყოფო", - აღნიშნა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა.
ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა:
"მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს - მიშა, გამაგრდი, შენი ბედი არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების ხელში და არც იქნება. კარგად იყავი მთავარია, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი პირველ რიგში. ამ ქვეყანას სჭირდები ჯანმრთელი, სრულფასოვნად ჩართული ამ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომაც, პირველ რიგში იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე. არ ხარ მარტო, ბევრი ადამიანი დამწუხრებულია შენი მდგომარეობით, უპრეცედენტოდ ბევრი და ამის გარდა, ჩვენი, ადვოკატების გუნდი იბრძვის იმისათვის, რომ გამოგიხსნას ამ რეჟიმისგან და შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღარ იყოს", - მიმართა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 24-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.