საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ყიფშიძემ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, გადასხმა და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი აჩვენა. როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, დღეს გადასხმის გაკეთება საჭირო არ იყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა გადასხმები კიდევ გახდეს საჭირო.
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედარებით კარგი შედეგი გამოიღო.
შიმშილობას არ წყვეტს, არ უნდა არავითარ შემთხვევაში, რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში. თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფოში იქნება. დღეს გადასხმის საჭიროება არ იყო. შეიძლება ღამე დასჭირდეს, შეიძლება დილით დასჭირდეს",-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
რაც შეეხება კონსილიუმის შეკრებას, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ ის საჭიროებიდან გამომდინარე შეიკრიბება.
კონსილიუმის შეკრების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მესამე პრეზიდენის ჯანმრთელბის მდგომარეობა დამძიმდა. უკვე 24-ე დღეა, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით, მრავალპროფილური ექიმთა ჯგუფი შეიქმნა, ისინი საპატიმროში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. თავად მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.