"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კარგი, ყოველწუთიერად იცვლება... არსებობს მისი გულის უცაბედი გაჩერების რისკი" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს გულის უცაბედი გაჩერების საფრთხეც.

რაც შეეხება საკითხს, საჭიროების შემთხვევაში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში დაუშვებელია, ვინაიდან ის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი არ არის და მისი იქ გადაყვანის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კარგი. მდგომარეობა ყოველ წუთიერად და საათობრივად მერყეობს და იცვლება, ეს ტიპური დამახასიათებელი მდგომარეობაა ანემიური ავადმყოფისთვის და მით უმეტეს, მოშიმშილე ანემიური ავადმყოფისთვის.

ხვალ, დღეს, ზეგ, რამდენიმე საათში, ერთ კვირაში, არავინ იცის, არსებობს მისი გულის უცაბედი გაჩერების რისკი, რადგან ორგანიზმი კალიუმისგან დაცლილია. ასევე, ყველაფერთან ერთად, ჰემოგლობინი დაცემულია და გულის გაჩერების შემთხვევაში, თუ ის იქნება ციხის საავადმყოფოში ან ციხეში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება მისი გადარჩენა.

უბრალო მიზეზის გამო, ცხადია, არც ციხეში და არც ციხის საავადმყოფოში, არ არსებობს ყველაზე მაღალი დონის კარდიოლოგიური ჩარევის შესაძლებლობა, არც ყველაზე მაღალი კლასის კარდიოლოგი არ არის ამ ციხის კლინიკაში.

კარდიოლოგიურ ჩარევაში ვგულისხმობთ იმას, რასაც გულის პულსი ზომიერებაში მოყავს და შეიძლება "ამოქოქოს" გაჩერებული გული. შესაძლოა, დასჭირდეს სტენტირება, შეუძლებელია ეს ამ საავადმყოფოში, მეტიც, ზუსტი დიაგნოსტირებაც შეუძლებელია, არც შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და არც შესაბამისი ტექნოლოგიური კვლევები არ არსებობს, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. თავად მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი