რუსთავში, მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბის წევრები გუშინ მომხდარ დაპირისპირებას იხსენებენ. ერთ-ერთმა მათგანმა "მთავართან" საუბრისას იმ მანქანის ნომრები დაასახელა, საიდანაც მისი ინფორმაციით, პოლიციელებს მითითებებს აძლევდნენ.
მისივე თქმით, შტაბის გარშემო რამდენიმე ოპერატიული მანქანა იყო მობილიზებული.
"12 საათვის ალბათ მოვიდნენ პროვოკაციაზე, 5 ადამიანი, როდესაც გამოვიხედეთ შტაბიდან, გარშემო რამდენიმე ოპერატიული მანქანა იდგა, რომლიდანაც ახორციელებდნენ გადაღებას. ვუთხარით, რომ წყნარად, მშვიდობიანად გველაპარაკა, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გამოეყვანათ შტაბიდან დავით კირკიტაძე, შეურაცხყოფების მიყენებით, რაღაც მომენტში სცადეს შტაბში შემოჭრა, ამ მომენტში ზუსტად მოაწყვეს ის პროვოკაცია რაც მოხდა, დაშავდა 3 ადამიანი.
ეს არის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით FH-272-HF, შავი "ქამრია", აქედან უთითებენ პოლიციელებს ლანძღვით, შეურაცხყოფის მიყენებით, ყვირილით, თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა დააკავონ ჩვენი აქტივისტები", - ამბობს, დავით კირკიტაძის შტაბის წევრი.
შტაბის წევრების ინფორმაციით, ერთ-ერთი დავდამსხმელი ვასილ ბალახაძე ე.წ. ცოცხების აქციასაც აორგანიზებდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირებისას დაშავებული სამივე პირი გუშინ გამოკითხეს.