"სავარაუდოდ, ეს რეანიმატოლოგი დაინიშნა გუშინ" - ბურჯანაძე მინისტრ ბრეგაძეს პასუხობს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ გუშინდელი შემოწმების დროს ციხის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმი და მკურნალი ექიმი ამბობდა, რომ მათ რეანიმატოლოგი არ ჰყავდათ. 

ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, გუშინ დაინიშნა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მის ხელმძღვანელებს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. ამ თემაზე მან "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"იუსტიციის მინისტრმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ განცხადებაში გვიწერია, რომ რეანიმატოლოგი არ ჰყავს ამ დაწესებულებასო და ეს ფაქტობრივი შეცდომა არისო, მოკლე განმარტებას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, გუშინ, როცა ჩვენ ვიზიტი განვახორციელეთ, ცალკე გვქონდა კომუნიკაცია დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, ცალკე მთავარ ექიმთან, მკურნალ ექიმთან, ყველა აღნიშნავდა, რომ რეანიმატოლოგი არ ჰყავთ და როგორც მათ თქვეს, უახლოეს დღეებში ელოდებოდნენ ახალი რეანიმატოლოგის მოსვლას დაწესებულებაში. როგორც ბატონი რატი აღნიშნავს, ეს ფაქტობრვი შეცდომაა და რეანიმატოლოგი გვყავსო, სავარაუდოდ, ეს რეანიმატოლოგი დაინიშნა გუშინ", - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ პენიტენციურის მე-18 დაწესებულებაში, ყველაფერი მზადაა პაციენტის მისაღებად და მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას გამორიცხავს. მისვე თქმით, კონსილიუმის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათის იყოს.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა, რომ რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში

ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ  მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი