მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი ზურაბ ფაღავამ დატოვა. მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.
გადაწყვეტილებას, წინ უძღოდა ექიმის კომენტარი, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მულტიპროფილურ კონტროლს. ფაღავას განცხადებიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იცრუა, როდესაც ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში არ განიხილებოდა და ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ზურაბ ფაღავა იხსენებს, რომ საბოლოო დასკვნაში, რომელსაც კონსილიუმის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, გარკვევით წერია, რომ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ამ სტანდარტებს კი ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს.
"იუსტიციის მინისტრს შევხვდი მე მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და იმათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში",- ამბობს ზურაბ ფაღავა, კარდიოლოგი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.