
"დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ შიმშილობის გამო, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება, იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას, ღარიბაშვილი ასე პასუხობს: "როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე, ნორმალური პასუხი გაგცეთ"
"ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, მათ შორის, თქვენც ყველას, თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში, იქ აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი, ყველა საჭირო აპარატურის, შესაბამისად, მე გარწმუნებთ, რომ რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ",-თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. თავად მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 25-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.