
"ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეთამაშება" - "საქართველოს კლინიკების ასოციაციის" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მათი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართულ ოცნებას" დაეკისრება.
მესამე სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანოს შესაბამის, მულტიპროფილურ კლინიკაში.
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ჯინიანობს და ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს. თუკი პაციენტს დროულად არ მივხედავთ და არ გადავიყვანთ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც იქნება მაღალი დონის აღჭურვილობა და ამავე დროს დიაგნოსტიკური საშუალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მსგავსი ტიპის პაციენტს ვერ ვმართავთ როგორც საჭიროა და არამცთუ გამოვასწორებთ მის ჯანმრთელობას, არამედ გაუარესდება მისი მდგომარეობა, რის გამოც პასუხისმგებლობა პირველ რიგში, დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად პრემიერმინისტრს, რომელიც არის ზედამხედველიც და პასუხისმგებელიც პროცესების სწორად მართვისა", - თქვა კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან კონსილიუმი მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსების რეკომენდაციას იძლევა, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე მისი პირადი ექიმისა და ადვოკატებისთვის, რადგან მე-18 ციხის დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვისაა საჭირო.