ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტო შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს მოთხოვნებს გლდანის ციხის საავადმყოფო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტო დაიწყებს მოკვლევას, რამდენად აკმაყოფილებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება იმ პირობებს, რომელიც პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის არის საჭირო. 

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს შემოწმება ჯერ არ ჩაუტარებია, მინისტრი ირწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას და ციხის საავადმყოფო "ყველა პირობას აკმაყოფილებს".

"რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც ის შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას, არამხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე.

მას [მიხეილ სააკაშვილს] არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება იძულებითი წესით, პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში. ეს საავადმყოფო, მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს",-თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი