მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ერთვებიან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ერთვებიან.

კერძოდ, ადვოკატი ამბობს, გუშინ საქართველოს ჰოლანდიელი ექიმი ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინელი მედიკოსების ჯგუფს ელოდებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდებიან და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის ყველა კონსილიუმის წევრს, ვინაიდან მათ დაწერეს დასკვნა და ეს დასკვნა რომ სიმართლეს შეესაბამება ამასაც აღნიშნავს.

ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუშინ ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას", - თქვა გიორგი გელხაურმა.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი