მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას სამოქალაქო პროფილის კლინიკაში - ლელო

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ. 

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს რისკები და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა.

"საპატიმროში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად საგრძნობლად მძიმდება. ექიმთა კონსილიუმმა მისი შესაბამისად აღჭურვილ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. ანალოგიური რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმაც. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.

მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ამ საკითხთან დაკავშირებული რისკები და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი