მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა პირადი შურისძიება იქნება - "დროა"

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით - მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება" - ასე ეხმაურება პარტია "დროა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა შეიძლება, ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ აუცილებელია, ის სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში იქნას მოთავსებული.

"ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა “ქართული ოცნების” პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით - მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება.

თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და განწყობებისა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშსწორება, უარი ვთქვათ ერთმანეთის განადგურებასა და ზიზღის პოლიტიკაზე, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე", - წერია განცხადებაში. 

"დროა" აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. მათივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

პარტია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაცული იყოს პატიმრის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი