"ეს პროცესი მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ ხელისუფლბა წირავს უბრალოდ მიხეილ სააკაშვილს" - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.
ადვოკატი აბსურდს უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდება.
"ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და ამ ჩარევის რესურსი მე-12 დაწესებულებაში არ არსებობს. დაადგინეს კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა, სადაც უნდა მოთავსდეს მიხეილ სააკაშვილი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, ახლა საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია, ოპერაციის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.